Loading data...
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მოხარული იქნება, თუ სომხეთს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გარიცხავენ - კრემლში კი ამბობენ, რომ სომხეთს შეუძლია, ბლოკი დატოვოს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (CSTO) წევრთა რიგებიდან სომხეთის გარიცხვას გადაწყვეტდა. ამის შესახებ ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ეროვნული ასამბლეისთვის სამთავრობო პროგრამის წარდგენისას ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი არ აპირებს უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში CSTO-ში დაბრუნებას, ან ორგანიზაციაში საქმიანობის გააქტიურებას.

პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ის წინააღმდეგი არ იქნება, თუ ორგანიზაციის სხვა წევრები სომხეთის წევრობიდან გარიცხვას გადაწყვეტენ.

„ვიცი, რომ CSTO-ში მიმდინარეობს დისკუსიები და წესდება ითვალისწინებს ასეთ შესაძლებლობას: ქვეყანა შეიძლება ორგანიზაციიდან გარიცხონ. ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ორგანიზაცია CSTO-დან სომხეთის გარიცხვას გადაწყვეტს. სულ მცირე, ეს გაგვათავისუფლებს დილემისგან, დავრჩეთ თუ არა“, - განმარტა ფაშინიანმა.

მთავრობის მეთაურმა დასძინა, რომ ერევანმა ორგანიზაციას კონკრეტული კითხვები დაუსვა, თუმცა მათგან არცერთზე პასუხი არ მიუღია, ამიტომ ქვეყანამ CSTO-ს მიმართ ინტერესი სრულად დაკარგა.

რუსეთი თითქმის მაშინვე გამოეხმაურა სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ თუ სომხეთს აღარ დასჭირდება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობა, მას შეუძლია, ბლოკი დატოვოს.