Loading data...
ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთი ევროკავშირის წევრობისთვის ჯერ მზად არ არის

სომხეთში 2026 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარება არარეალურია, რადგან ქვეყანას წევრობაზე ოფიციალური განაცხადი ჯერ არ წარუდგენია. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისი თქმით, რეფერენდუმის ჩატარება, სულ მცირე, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წინასწარ წარდგენას მოითხოვს. ვინაიდან ეს ჯერ არ მომხდარა, მიმდინარე წელს ამ საკითხის კენჭისყრაზე გატანა ნაადრევია.

ამასთან, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ წევრობაზე განაცხადის წარდგენა სომხეთის ხელისუფლების ერთ-ერთ მიზნად რჩება. მან აღიარა, რომ სომხეთი ევროკავშირის წევრობისთვის ჯერ მზად არ არის, რადგან ქვეყანას ჯერ კიდევ ბევრი რეფორმა აქვს გასატარებელი ევროპული კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ წევრობაზე განაცხადი ინტეგრაციის პროცესისთვის ქვეყნის რეალურ მზაობას უნდა ასახავდეს, ხოლო ბრიუსელისთვის მხოლოდ დოკუმენტების წარდგენის მიზნით მიმართვა ალოგიკური იქნებოდა.