Loading data...
ნიგერიაში ამერიკელი სამხედროები ჩავიდნენ, რათა ისლამისტებთან საბრძოლველად ადგილობრივი ძალები გაწვრთნან - Reuters

ნიგერიის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, ისლამისტი მეამბოხეების წინააღმდეგ ვაშინგტონის ოპერაციის გაძლიერების ფონზე, ნიგერიაში 100-მდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიგერიის მთავრობა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში ისლამისტი მებრძოლებისგან ქრისტიანების დაცვის უუნარობაში დაადანაშაულა. ნიგერია უარყოფს ნებისმიერი რელიგიის მიმართ დისკრიმინაციას და აცხადებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების ძალებს მიზანში ჰყავთ ამოღებული შეიარაღებულ დაჯგუფებები, რომლებიც თავს ესხმიან როგორც ქრისტიანებს, ასევე მუსლიმებს.

დეკემბერში აშშ-მა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული მებრძოლების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელა. ნიგერიის სადაზვერვო შესაძლებლობების გასაძლიერებლად ადგილზე აშშ-ის მცირე სამხედრო ჯგუფი მოქმედებს.

Reuters-ის მიერ მოძიებული ფრენის მონაცემების თანახმად, ბოლო დღეებში ნიგერიის ჩრდილოეთ შტატებში რამდენიმე თვითმფრინავი გაემგზავრა, რომლებსაც აშშ-ის ჯარისკაცები გადაჰყავდა და აღჭურვილობა გადაჰქონდა. 

ნიგერიის თავდაცვის შტაბის პრესსპიკერმა, გენერალ-მაიორმა სამაილა უბამ განაცხადა, რომ ჯარისკაცები ადგილობრივ ძალებს გაწვრთნიან და კონსულტაციებს გაუწევენ, თუმცა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ამ თვის დასაწყისში ნიგერიის სამხედროებმა განაცხადეს, რომ დამატებით 200 ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნას ელოდებიან. პრეზიდენტის პრესსპიკერმა სანდეი დეირმა განაცხადა, რომ ნიგერიას აშშ-ის მთავრობისგან „მასიური მხარდაჭერა“ სჭირდება ავიაგამანადგურებლებისა და საბრძოლო მასალის თვალსაზრისით, თუმცა რაოდენობისა და ვადების დასახელებაზე უარი თქვა.

ნიგერიის 240-მილიონიანი მოსახლეობიდან ქრისტიანები ძირითადად სამხრეთში, მუსლიმები კი ძირითადად ჩრდილოეთში ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ნიგერიაში ქრისტიანების შევიწროება გააქტიურდა, ქვეყნის ხელისუფლება უარყოფს, რომ ქრისტიანები ფართომასშტაბიანი, ან სისტემატური დევნის წინაშე არიან.