Loading data...
ნიდერლანდებში ჰაკერულ ჯგუფში მონაწილეობის ბრალდებით 24 წლის კაცი დააკავეს

ნიდერლანდების პოლიციამ ჰაკერულ ჯგუფში, ShinyHunter-ში მონაწილეობისთვის ამსტერდამის 24 წლის მკვიდრი დააკავა. გასულ კვირას ამ დაჯგუფების წევრებმა განაცხადეს, რომ FBI-ის საიტი გატეხეს და ამ უწყების თანამშრომელთა მონაცემები მოიპარეს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

პოლიცია დაკავებულის ვინაობას არ ასაჯაროებს. კიბერუსაფრთხოების ნიდერლანდური კომპანიის, Neo Security-ს წარმომადგენელმა ბენჯამინ კორპერმა განაცხადა, რომ საუბარია პეპეინ ვან დერ სტაპზე, რომელიც ამ კომპანიაში შეტევითი კიბერუსაფრთხოების მიმართულებას ხელმძღვანელობდა. კორპერის თქმით, მისი თანამშრომელი მასშტაბური საპოლიციო სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, რომლის დროსაც სხვა საშუალებებთან ერთად ხმაურის ხელყუმბარებიც კი იყო გამოყენებული.

2023 წელს ვან დერ სტაპს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის სასამართლომ მონაცემთა ქურდობასა და გამოძალვაში დამნაშავედ ცნო. ვან დერ სტაპმა სასამართლოზე ბრალი აღიარა.

2025 წელს ვან დერ სტაპი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. ამის შემდეგ მან ერთ-ერთი ბლოგერისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იყო ჰაკერი, რომელიც გამოსწორების გზაზე დადგა, სურს, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს და საზოგადოებას სარგებელი მიუტანოს. Neo Security-ში მის დასაქმებას კომპანიის ხელმძღვანელი „მეორე შანსს“ უწოდებდა.