ნიდერლანდების ცენტრისტული პარტია D66 არჩევნებში გამარჯვებულად დასახელდა
ნიდერლანდების ცენტრისტულმა პარტიამ „დემოკრატები 66“-მა (D66) 29 ოქტომბერს გამართულ საყოველთაო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა. ამგვარად, პარტიის 38 წლის ლიდერი რობ ჯეტენი შესაძლოა, ნიდერლანდების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდეს. ამის შესახებ CNN-ი წერს.
საინფორმაციო სააგენტო ANP-ს ცნობით, რომელიც ნიდერლანდების ყველა მუნიციპალიტეტის შედეგებს აგროვებს, თითქმის ყველა ხმის დათვლის შემდეგ D66-ს ვეღარ გაუსწრებს ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტია“ (PVV) გერტ ვილდერსის ხელმძღვანელობით.
ახლა მოსალოდნელია, რომ „დემოკრატები 66“ კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებების პირველ რაუნდს უხელმძღვანელებს, რაც, როგორც წესი, თვეებს მოითხოვს.
ხმების დაახლოებით 18%-ით პარტიას 150-ადგილიან ქვედა პალატაში მარტივი უმრავლესობის მოსაპოვებლად სულ მცირე სამი კოალიციური პარტნიორი დასჭირდება.
მედიის ცნობით, საბოლოო შედეგები ორშაბათს, 3 ნოემბერს, დადასტურდება, როდესაც საზღვარგარეთ მცხოვრები ნიდერლანდების მოქალაქეების მიერ ფოსტით მიცემული ხმები დაითვლება. პარტიის ლიდერები მომდევნო დღეს შემდეგ ნაბიჯებზე იმსჯელებენ.