ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი: უკრაინა ევროატლანტიკური ოჯახის ნაწილია

ნიდერლანდების მთავრობის მეთაური დიკ შოუფი მიიჩნევს, რომ უკრაინა ნატოს სივრცის ნაწილია. ამის შესახებ მან ჰააგაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დასაწყისში განაცხადა.
ნიდერლანდების დროებითმა პრემიერ-მინისტრმა ზელენსკისთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში გამართული მოლაპარაკებების დაწყებამდე მან მედიის თანდასწრებით გამოაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს დრონების საწინააღმდეგო რადარებს, სამედიცინო აღჭურვილობასა და დრონების წარმოებისთვის თანხებს. მან პირობა დადო, რომ დახმარება მომავალშიც გაგრძელდება.
„ჩვენ ყოველთვის უნდა დავგმოთ რუსეთის აგრესია და მხარი დავუჭიროთ უკრაინას - და ამას გავაკეთებთ როგორც ომის, ასევე მშვიდობის დროს. ჩვენ დავეხმარებით ფინანსურად, პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით“, - აღნიშნა დიკ შოუფმა.
ასევე, ნატოს სამიტის წინ გამართული შეხვედრის კონტექსტში, მან ნათლად განაცხადა, რომ უკრაინას ნატოს სივრცის ნაწილად მიიჩნევს.
„მინდა, ძალიან მკაფიოდ ვთქვა: უკრაინა ევროატლანტიკური ოჯახის ნაწილია“, - ხაზგასმით აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.