ნეთანიაჰუს ადმინისტრაცია: რაფაჰის გადასასვლელი განუსაზღვრელი ვადით დაიკეტება, ხელახლა გახსნა კი „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლების შეთანხმების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული

ეგვიპტესა და ღაზას შორის რაფაჰის გამშვები პუნქტი განუსაზღვრელი ვადით დაკეტილი დარჩება, განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ. მიზეზად „ჰამასის“ მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობა დასახელდა.
„მისი ხელახლა გახსნა განიხილება იმის მიხედვით, თუ რამდენად შეასრულებს „ჰამასი“ თავის ვალდებულებას დაღუპული მძევლების დაბრუნებისა და შეთანხმებული ჩარჩოს განხორციელების კუთხით“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია.
განცხადება ეწინააღმდეგება ეგვიპტეში პალესტინის საელჩოს მიერ გავრცელებულ ადრინდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც, გადასასვლელი ორშაბათს, 20 ოქტომბერს, გაიხსნებოდა.
გადასასვლელი, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, პალესტინელების ორივე მიმართულებით გადაადგილებისთვის უნდა გაიხსნას და არა დახმარების შესვლისთვის.
ღაზას სექტორში ისრაელელი მძევლების თვრამეტი ცხედარი კვლავ რჩება. „ჰამასმა“ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ დღეს ისრაელს კიდევ ორი მძევლის ცხედარს დაუბრუნებს.