ნეთანიაჰუ უსაფრთხოების კაბინეტის წევრების შეკრებას აპირებს, რადგან ისრაელი და აშშ ირანზე თავდასხმისთვის ემზადებიან
ისრაელის პრემიერ-მინისტრი დღეს, 17 მაისს უსაფრთხოების კაბინეტის წევრებს შეკრებს, რათა ირანზე ახალი თავდასხმის შესახებ აცნობოს. ინფორმაციას The Times Of Israel ავრცელებს.
როგორც მედია იუწყება, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ასევე, აშშ-ის პრეზიდენტთან საუბარს აპირებს. იერიშის განახლება მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ირანი თავს დაესხა არაბთა გაერთიანებული საამიროების ატომურ ელექტროსადგურს.
„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ირანის ქმედებებს“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა კაბინეტის ყოველკვირეულ სხდომაზე. ნეთანიაჰუ ამერიკის პრეზიდენტის ჩინეთში ვიზიტსაც შეეხო. „აუცილებლად მოვისმენ მისი შთაბეჭდილებების შესახებ, შესაძლოა სხვა საკითხებიც განვიხილოთ. რა თქმა უნდა, არაერთი შესაძლებლობა არსებობს და ჩვენ თითოეული სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად“, - დასძინა ისრაელის ლიდერმა.
მოგეხსენებათ, რომ დონალდ ტრამპი ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, რა დროსაც მან სი ძინპინს ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება სთხოვა. საპირწონედ, ჩინეთის ლიდერი აშშ-ის პრეზიდენტს დაჰპირდა, რომ ირანს სამხედრო აღჭურვილობას არ გაუგზავნიდა.
ვიზიტიდან დაბრუნებულმა ტრამპმა სოციალურ ქსელში ორაზროვანი გრაფიკა გააზიარა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი და რომელზეც აშშ-ის ლიდერი საზღვაო ძალების ადმირალთან ერთადაა გამოსახული. ისინი რამდენიმე გემის გარემოცვაში, ქარიშხლიან წყლებში იმყოფებიან. ერთ-ერთ გემზე კი, ირანის დროშაა აღმართული, წარწერით: „ქარიშხლის წინ სიმშვიდე იყო“.
ამ ყველაფრის ფონზე, მედია მთელი კვირის განმავლობაში წერდა, რომ ისრაელი აშშ-სთან ერთად, ირანზე კოორდინირებული, ახალი და გაცილებით ძლიერი თავდასხმისთვის ემზადება. ომის ექსპერტების შეფასებით, დარტყმა, შესაძლოა, მომავალ კვირაში განხორციელდეს.
New media post from Donald J. Trump
— Donald J Trump Truth Social Posts On X (@TrumpTruthOnX) May 16, 2026
( TruthSocial: May 16 2026, 4:03 PM ET ) pic.twitter.com/dgXKB5ZeTJ