Loading data...
ნეთანიაჰუ ტრამპთან სატელეფონო ზარზე: ზოგჯერ უთანხმოებები გვაქვს, როგორც საუკეთესო ოჯახებში ხდება ხოლმე, ის პატივს მცემს მე, მეც პატივს ვცემ მას

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ არ უარყო, რომ 1-ელ ივნისს სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან რთული კომუნიკაცია ჰქონდა. ამის შესახებ მან CNBC-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

„ჩვენი საუბრების დეტალებში არ შევალ. ჩვენ გვქონდა ათასობით საუბარი, ბევრი და თუ ფიქრობთ, რომ ეს კრიზისია, სხვა საუბრებშიც უნდა იყოთ ჩახედული. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვპოულობთ გამოსავალს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ის და ტრამპი თანხმდებიან „ძირითად საკითხებზე“, მათ შორის ირანის მხრიდან ისრაელისთვის, რეგიონისა და მსოფლიოსთვის საფრთხის შექმნის თავიდან აცილების აუცილებლობაზე.

„ჩვენ საერთო მიზნები გვაქვს. ზოგჯერ, როგორც საუკეთესო ოჯახებშია, ტაქტიკური უთანხმოებები გვაქვს. ჩვენ ყოველთვის ვპოულობთ გზას, რომ ეს უთანხმოებები მოვაგვაროთ და ამას ვაკეთებთ, როგორც კარგი მეგობრები. დილით შეიძლება უთანხმოება გვქონდეს, შუადღისთვის კი საერთო საქმეები გვაქვს. ის პატივს მცემს. მეც პატივს ვცემ მას. ჩვენ ყოველთვის ვპოულობთ გზას, რომ ჩვენი უთანხმოებები მოვაგვაროთ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

როდესაც ნეთანიაჰუს კითხვა დაუსვეს ტრამპის მიერ სატელეფონო საუბრის დროს მისთვის სავარაუდოდ ნათქვამ სიტყვებზე: „მე რომ არა, ციხეში იქნებოდი“, ნეთანიაჰუმ უპასუხა: „დეტალებში არ შევალ, მაგრამ ის ძალიან ხმამაღლა საუბრობდა ამ ყალბი სასამართლო პროცესის აბსურდულობაზე, რომელსაც მე გავდივარ“.

ცნობისთვის, ტრამპმა დაადასტურა, რომ სატელეფონო საუბრის დროს ნეთანიაჰუს გიჟი უწოდა.