Loading data...
ნეთანიაჰუ ირანს აფრთხილებს: ვინც დაგვარტყამს, მათ ჩვენც დავარტყამთ, ირანსა და ახლო აღმოსავლეთში არ არის ადგილი, რომელსაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მისწვდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის აფრთხილებს, რომ ვინც ისრაელს დაარტყამს, ისინი პასუხს მიიღებენ.

👉ირანის უზენაესი ლიდერი პირობას დებს, რომ ჰასან ნასრალას მკვლელობა შურისძიების გარეშე არ ჩაივლის

„ირანსა და ახლო აღმოსავლეთში არსად არის ადგილი, რომელსაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მისწვდება და დღეს თქვენ იცით, რამდენად მართალია ეს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ და მიანიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერის ჰასან ნასრალას მკვლელობაზე. 

ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, რომ ნასრალას სიკვდილი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ჩრდილოეთის მცხოვრებლების საკუთარ სახლებში დაბრუნებას, არამედ სამხრეთში ისრაელელი მძევლების დაბრუნებასაც. 

„რაც უფრო მეტად ხედავს „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი, რომ „ჰეზბოლა“ მის გადასარჩენად აღარ მოდის, მით უფრო დიდია ჩვენი მძევლების დაბრუნების შანსი“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.  

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიღწევების მიუხედავად, „სამუშაო ჯერ არ დასრულებულა“. მან ისრაელელები გააფრთხილა, რომ მომდევნო დღეებში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგებიან და მათ უნდა გაუმკლავდნენ.

მისივე თქმით, ნასრალას ლიკვიდაციამ იმედი მისცა ყველას, ვინც ირანის ბოროტების ღერძს ეწინააღმდეგება და  ვინც ირანისა და მისი მარიონეტების „ძალადობრივი ტირანიის“ ქვეშ იბრძვიან ლიბანში, სირიასა და მის ფარგლებს გარეთ. ნეთანიაჰუმ მიმართა ირანის მოქალაქეებს და ქვეყნებს, სადაც ირანი და მისი მარიონეტები დომინირებენ ირანი და  უთხრა, რომ ისრაელის სახელმწიფო მათ გვერდით დგას. 

მან ისრაელის მოქალაქეებს განუცხადა, რომ „ეს შესანიშნავი დღეებია და როგორც ჩანს, გარდამტეხი ისტორიული მომენტიც“.

„ერთი წლის წინ, [2023 წლის] 7 ოქტომბერს, ჩვენი მტრები თავს დაგვესხნენ და ფიქრობდნენ, რომ ისრაელი გადაშენების გზაზე იყო. ერთი წლის შემდეგ, დარტყმების, მიღწევების შემდეგ, მათ ესმით, თუ როგორ დაირღვა მათი იმედები”, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.