Loading data...
ირანის უზენაესი ლიდერი პირობას დებს, რომ ჰასან ნასრალას მკვლელობა შურისძიების გარეშე არ ჩაივლის

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელის მიერ „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას მკვლელობის გამო ქვეყანაში 5-დღიანი გლოვა გამოაცხადა. 

ხამენეიმ აღნიშნა, რომ „ჰეზბოლას“ მეთაურის მკვლელობა შურისძიების გარეშე არ ჩაივლის.

მისი თქმით, წინააღმდეგობის ფრონტის თავდასხმები ისრაელზე კიდევ უფრო ძლიერი გახდება.

„ის მოწამეობრივად დაიღუპა, როდესაც ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში მცხოვრები უმწეო ხალხისა და მათი დანგრეული სახლების დაცვას გეგმავდა, როგორც ათწლეულების განმავლობაში იცავდა პალესტინის ჩაგრულ ხალხს, მათ ოკუპირებულ ქალაქებსა და სოფლებს, სახლებს და ახლობლებს“, - განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა.

აიათოლა ალი ხამენეის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგობის ფრონტმა დაკარგა „გამორჩეული ლიდერი“, ხოლო ლიბანმა - „უბადლო ლიდერი“, „ჰეზბოლა“ უფრო გაძლიერდება. 

ხამენეიმ ასევე მიუსამძიმრა ნასრალას ოჯახს, წინააღმდეგობის ფრონტს და მთელ ისლამურ საზოგადოებას.