Loading data...
ნეთანიაჰუ იმედოვნებს, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება „რამდენიმე დღეში“ დასრულდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იმედს გამოთქვამს, რომ „ჰამასთან“ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევა უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი.

„ვიმედოვნებ, რომ ამას რამდენიმე დღეში დავასრულებთ“, - განუცხადა მან Newsmax-ის ჟურნალისტ გრეტა ვან სუსტერენს ისრაელში დაბრუნებამდე მიცემულ ინტერვიუში.

„ალბათ, 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გვექნება. გამოვიყვანოთ პირველი პარტია და შემდეგ გამოვიყენოთ ეს 60 დღე, რათა ვცადოთ ამის დასრულებაზე მოლაპარაკებები. და ეს შეიძლება ხვალ დასრულდეს - დღესვე, თუ „ჰამასი“ იარაღს დაყრის. ვფიქრობთ, რომ ამის დასრულებას შევძლებთ. ამიტომ არ გეტყოდით, რომ ჩვენ გვაქვს ომის მიზანი, რომლის მიღწევაც შეუძლებელია. ჩვენ დავამარცხებთ ამ მონსტრებს და დავიბრუნებთ ჩვენს მძევლებს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ აშშ-ში ოთხდღიანი ვიზიტის ბოლო დღეს, რომლის დროსაც ორჯერ შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „ჰამასი“ განზრახ კლავს საკუთარ ხალხს, რათა მათ საომარი ზონიდან გაქცევაში ხელი შეუშალოს. „ასე რომ, ისინი მონსტრები არიან“, - დასძინა მან. 

ნეთანიაჰუს თქმით, ხედავს ნიშნებს, რომ „ჰამასი“ რღვევას განიცდის: „არსებობენ პალესტინელები, რომლებიც „ჰამასს“ ებრძვიან, რადგან ჩვენ მათ ამ ეტაპამდე ვასუსტებთ. ჩვენ ვხედავთ ისეთ რამეს, რაც აქამდე არასდროს მომხდარა. ღაზაში მყოფი პალესტინელები „ჰამასს“ ებრძვიან. ღაზაში მყოფი პალესტინელები „ჰამასს“ ეწინააღმდეგებიან“.

ისრაელის პრემიერმა აღნიშნა, რომ ტრამპთან მუშაობა „არაჩვეულებრივია“. მისივე თქმით, ის და ტრამპი „საერთო დოქტრინას აღწევენ. მას მშვიდობა ძალის მეშვეობით ჰქვია. ჯერ ძალა მოდის, შემდეგ კი მშვიდობა“.