Loading data...
ნეთანიაჰუ: ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ლიბანთან ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას მივაღწიოთ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელს აქვს „ისტორიული“ შესაძლებლობა, ლიბანთან სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოს.

ამგვარად, ნეთანიაჰუ გამოეხმაურა ისრაელსა და ლიბანს შორის აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით მიღწეულ 10-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც რამდენიმე საათში [ვაშინგტონის დროით 17:00 საათზე] ამოქმედდება.

„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მივაღწიოთ ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას ლიბანთან“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს, მოლაპარაკებების წინსვლისთვის ორივე მხარე მიიწვიოს. 

შემდეგ ნეთანიაჰუმ გაიხსენა ისრაელის მიერ ლიბანური დაჯგუფების „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაციები, რომლებმაც, მისი თქმით, „ლიბანში ძალთა ბალანსი შეცვალა“.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლიბანიდან მიიღო ზარები პირდაპირი მოლაპარაკებების მოთხოვნით, რაც „40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად“ მოხდა. „მე ამ ზარს ვუპასუხე“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, ისრაელი დათანხმდა „ცეცხლის დროებით, 10-დღიან შეწყვეტას“, რათა მოლაპარაკებები წინ წავიდეს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძირითადი მოთხოვნები უცვლელი რჩება: „ჰეზბოლას“ განიარაღება“ და „მდგრადი მშვიდობა - მშვიდობა ძალის მეშვეობით“.

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით „ჰეზბოლას“ პირობები უარყო, რომლებიც ითვალისწინებდა „ლიბანის ყველა ტერიტორიიდან ისრაელის ძალების გაყვანას საერთაშორისო საზღვრამდე“ და „ცეცხლის შეწყვეტას „სიჩუმე სიჩუმისთვის“ ფორმატით“ — თუმცა, მისი თქმით, ჯგუფი ზავს მაინც დათანხმდა. ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელის ძალები ლიბანში დარჩებიან.

„ჩვენ ვრჩებით ლიბანში, გაფართოებულ უსაფრთხოების ზონაში... 10 კილომეტრის სიგანის, გაცილებით ძლიერი, უფრო მძლავრი, უფრო უწყვეტი და უფრო მყარი, ვიდრე ადრე გვქონდა“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ განლაგების მიზანია „ინფილტრაციის საფრთხის დაბლოკვა“ და ჩრდილოეთის თემებზე ტანკსაწინააღმდეგო ცეცხლის თავიდან აცილება.

ამასთან, ნეთანიაჰუს თქმით, „ჰეზბოლა“ გარკვეულ შესაძლებლობებს ინარჩუნებს. „მათ ჯერ კიდევ აქვთ რაკეტები დარჩენილი. ჩვენ ასევე უნდა მოვაგვაროთ ეს საკითხი უსაფრთხოებისა და მდგრადი სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმართული პროგრესის ფარგლებში“, - დასძინა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს „მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელოს როგორც [ირანის] საზღვაო ბლოკადა, ასევე ირანის ბირთვული შესაძლებლობების დარჩენილი ნაწილის დემონტაჟის მცდელობები“. ნეთანიაჰუს თქმით, ერთობლივი ნაბიჯებით შესაძლებელია „ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას ეს საფრთხე“ და „ფუნდამენტურად შეცვალოს ჩვენი უსაფრთხოებისა და დიპლომატიური სიტუაცია მომავალი წლების განმავლობაში“.