ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ თუ „ჰამასი“ ტრამპის გეგმას არ დასთანხმდება, მაშინ ისრაელი საქმეს ბოლომდე მიიყვანს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, თუ „ჰამასი“ არ დათანხმდება დონალდ ტრამპის გეგმას, მაშინ ისრაელი საქმეს ბოლომდე მიიყვანს. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნეთანიაჰუმ ტრამპს განუცხადა, რომ ღაზაში თეთრი სახლის ლიდერის გეგმას მხარს უჭერს.
„მჯერა, რომ დღეს ღაზაში ომის დასრულებისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ. ვფიქრობ, დღეს ახლო აღმოსავლეთში და მის მიღმა, მშვიდობისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ვქმნით.თუ ჰამასი უარყოფს თქვენს შეთანხმებას,პრეზიდენტო ან თითქოს დათანხმდებიან და შემდეგ მის საწინააღმდეგოდ ყველაფერს გააკეთებენ, მაშინ ისრაელი საქმეს თავად მიიყვანს ბოლომდე.ეს შეიძლება მარტივი ან რთული გზით გაკეთდეს“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.
ინფორმაციისთვის, თეთრმა სახლმა ღაზაში კონფლიქტის დასასრულებლად დონალდ ტრამპის ყოვლისმომცველი გეგმა გამოაქვეყნა.
ტრამპის გეგმა 20 პუნქტისგან შედგება, მათ შორის არის - ღაზა „დერადიკალიზებული, ტერორიზმისგან თავისუფალი ზონა იქნება, მეზობლებს საფრთხეს არ შეუქმნის და მისი განვითარება მოხდება ღაზას მოსახლეობის საკეთილდღეოდ“.