Loading data...
ნენსი პელოსი აცხადებს, რომ პენსიაზე გადის და კონგრესში ხელახლა კენჭისყრას არ აპირებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, დემოკრატმა კონგრესმენმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ კონგრესში მისი ამჟამინდელი ვადის ამოწურვის შემდეგ პენსიაზე გავა.

„ძვირფასო სან-ფრანცისკოელებო, მსურს, პირველებმა თქვენ გაიგოთ. მე არ ვაპირებ კონგრესში ხელახლა კენჭისყრას. მადლიერი გულით მოუთმენლად ველოდები თქვენი ამაყი წარმომადგენლის რანგში ჩემი სამსახურის ბოლო წელს“, – განაცხადა პელოსიმ ვიდეომიმართვაში.

პელოსის კონგრესში უფლებამოსილების ვადა 2027 წლის 3 იანვარს იწურება.

85 წლის პელოსი იყო პირველი ქალი, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად აირჩიეს და რომელიც ხელმძღვანელობდა მსხვილ პოლიტიკურ პარტიას კონგრესის ორივე პალატაში.

ის წარმომადგენელთა პალატაში სან-ფრანცისკოს ტერიტორიის ნაწილს 1987 წლიდან წარმოადგენს. ეს მისი მე-19 ვადაა.