Loading data...
NBC News: ტრამპი ირანში აშშ-ის ჯარების გაგზავნას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირად საუბრებში აღნიშნავს, რომ ის ირანში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შეყვანით არის დაინტერესებული, - ამის შესახებ NBC News-ი წერს.

წყაროებმა ტელეარხს განუცხადეს, რომ ტრამპმა სახმელეთო ჯარების განლაგების იდეა თავის თანაშემწეებთან და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებთან თეთრი სახლის გარეთ განიხილა.

წყაროების ცნობით, პრეზიდენტის კომენტარები, რომლებშიც ის სერიოზულ ინტერესს გამოხატავდა სახმელეთო ჯარების განლაგების მიმართ, არ იყო ორიენტირებული ირანში ფართომასშტაბიან სახმელეთო შეჭრაზე, არამედ ორიენტირებული იყო ამერიკული ჯარების მცირე კონტინგენტის იდეაზე, რომელიც კონკრეტული სტრატეგიული მიზნებისთვის იქნებოდა გამოყენებული.

მათი თქმით, ტრამპს სახმელეთო ჯარებთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია და არც რაიმე ბრძანება გაუცია.

წყაროების თქმით, საუბრებში პრეზიდენტი ომის შემდგომი ირანის თავის ხედვას უზიარებს, კერძოდ, მისი თქმით, ეს იქნება ქვეყანა, სადაც ირანული ურანი უსაფრთხო იქნება, ხოლო აშშ და ახალი ირანი ნავთობის წარმოების კუთხით ითანამშრომლებენ, აშშ-ვენესუელას ამჟამინდელი ურთიერთობის მსგავსად.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ქეროლაინ ლევიტმა უარყო აღნიშნული ინფორმაცია და აღნიშნა, რომ „ეს სტატია ეფუძნება ანონიმური წყაროების ვარაუდებს, რომლებიც არ შედიან პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების გუნდში და აშკარად არ არიან გათვითცნობიერებული ამ განხილვებში“.