Loading data...
NBC News-მა ოპერაცია „აბლაბუდას“ რეალური შედეგები გამოავლინა

რუსულ საჰაერო ბაზებზე უკრაინული დრონებით თავდასხმამ, რომელსაც ოპერაცია „აბლაბუდა“ უწოდეს, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების ტალღა გამოიწვია და კიევსა და მოსკოვს შორის დავის საგანი გახდა. NBC News-მა, Planet Labs-ისა და Maxar-ის თანამგზავრული ფოტოების, ასევე, SBU-ს მონაცემების ანალიზით, შედეგების დეტალური ანალიზი წარმოადგინა.

ზემოქმედების მასშტაბი

როგორც გამოცემა წერს, თანამგზავრული დაზვერვისა და ნატოს შეფასებით, 10-დან 13-მდე რუსული სამხედრო თვითმფრინავი მთლიანად განადგურდა და კიდევ 40-მდე დაზიანდა.

ანალიტიკოსის, ოლივერ ალექსანდერის თქმით, „ნატოს ოფიციალური პირების მიერ მოწოდებული მაჩვენებელი ყველაზე მეტად ემთხვევა მაღალი გარჩევადობის თანამგზავრული ფოტოებით დაფიქსირებულ მონაცემებს“.

მათივე ცნობით, ბელაიას საჰაერო ბაზაზე (ირკუტსკის ოლქი) ექვსი თვითმფრინავი განადგურდა, მათ შორის სტრატეგიული ბომბდამშენები Ту-95 და Ту-22, რომლებიც აქტიურად გამოიყენება უკრაინაზე სარაკეტო დარტყმებისთვის. ოლენიას ბაზაზე (შორეული ჩრდილოეთი) თანამგზავრებმა ხანძრის კვალი და კიდევ ოთხი ბომბდამშენის ნამსხვრევები დააფიქსირეს.

უკრაინა, ასევე, იუწყება ორი A-50 თვითმფრინავის განადგურების შესახებ, თუმცა ვიდეო მხოლოდ ნაწილობრივ ადასტურებს ამ ინფორმაციას.

ოპერაციის ტექნიკური მხარე

უსაფრთხოების სამსახურმა საჰაერო ბაზებთან ახლოს სატვირთო მანქანებზე 117 დრონი განათავსა და თითქმის ერთდროულად გაუშვა.

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავდასხმას 18-თვიანი მომზადების „ბრწყინვალე შედეგი“ უწოდა, რომელიც „ისტორიაში შევა“. უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენების 34% მწყობრიდან გამოვიდა, რამაც რუსეთს 7 მილიარდ დოლარზე მეტი დანაკარგი მიაყენა.

ომის ექსპერტი თომას უიტინგტონი ხაზს უსვამს:

რუსეთი ამ თვითმფრინავებს აღარ აწარმოებს... თითოეული მათგანის დაკარგვა შეუქცევადი დარტყმაა სტრატეგიული საჰაერო ფლოტისა და რუსეთის ფედერაციის ბირთვული შეკავების პოტენციალისთვის“.

რუსეთის ხელისუფლება უარყოფს უკრაინის ბრალდებებს. რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა თვითმფრინავების განადგურების შესახებ ინფორმაცია გაზვიადებულად შეაფასა, ხოლო თავად ოპერაცია „ტერორისტულ აქტად“. 

სერგეი მარკოვმა დარტყმას „ძლიერი“ უწოდა, თუმცა ამტკიცებს, რომ მას „სამხედრო მნიშვნელობა არ ექნება“ და დასძენს, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, თავდასხმის შედეგებს „გააზვიადებს“.