ნაუსედას ადმინისტრაცია კულტურის მინისტრის გადადგომაზე: საკუთარი შეცდომების აღიარება და გამოსწორება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა

ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას ადმინისტრაცია კულტურის მინისტრის იგნოტას ადომავიჩუსის გადადგომის ფაქტს გამოეხმაურა.
კერძოდ, 3 ოქტომბერს ადომავიჩუსმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე თავი აარიდა ჟურნალისტის კითხვას, ვის ეკუთვნის ყირიმი და განაცხადა, რომ ამ შეკითხვას კულტურასთან კავშირი არ აქვს. აღნიშნულის შემდგომ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის ინგა რუგინიენეს დაჟინებული თხოვნით, ადომავიჩიუსმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.
როგორც ლიეტუვის პრეზიდენტის მრჩეველმა ტომას ბერჟინსკასმა განაცხადა, ნაუსედა ფიქრობს, რომ შეცდომების აღიარება და მათი გამოსწორება სწორი გადაწყვეტილებაა. ეს ასევე ხელს უწყობს საზოგადოებაში დაძაბულობის განმუხტვას.
„საკუთარი შეცდომების აღიარება და მათი გამოსწორება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რომელსაც საზოგადოებაში განხეთქილებისა და დაძაბულობის შემცირება შეუძლია. მინისტრის გადადგომა სწორედ ეს ნაბიჯია“, - აღნიშნა მან.
ბერჟინსკასმა დასძინა, რომ პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მთავრობის მეთაური კულტურის მინისტრის თანამდებობაზე ახალი კანდიდატების შერჩევისას არსებულ ვითარებას გაითვალისწინებს.