ნაუსედამ მერცი გააკრიტიკა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ დაპირებების შეუსრულებლობის გამო

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი გააკრიტიკა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების დაპირების შეუსრულებლობის გამო, - განაცხადა მან Bild-თან ინტერვიუში.
კითხვაზე, შეარყია თუ არა მერცის დაპირებამ, რომელიც ბრიტანეთთან და საფრანგეთთან ერთად, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმის გამო მოსკოვის მიმართ დამატებით სანქციებს დააწესებდა, თუმცა ეს არ გააკეთა, ევროპის მიმართ ნდობა, ნაუსედამ უპასუხა, რომ ამან „ნამდვილად“ იმოქმედა ევროპული ქვეყნების სანდოობაზე.
„ეს პრობლემაა. და ეს გავლენას ახდენს არა მხოლოდ სანქციების სანდოობაზე, არამედ რუსეთთან დაკავშირებული ჩვენი ყველა ზომისა და უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის სანდოობაზე. ჩვენ არაერთხელ გამოვაცხადეთ, რომ მხარს დავუჭერთ უკრაინას და მივაწვდით გამანადგურებლებს, შორი მოქმედების რაკეტებს და საბრძოლო მასალას. თუმცა, ჩვენ არ შეგვიძლია ამ დაპირებების შესრულება“, - აღნიშნა ნაუსედამ.
ლიეტუვის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბარში, ასევე, განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინით არ შემოიფარგლება.
მისი თქმით, მოსკოვი საფრთხეს უქმნის მთელ ევროპას.
„ამიტომ, ერთად დგომა აბსოლუტურად სწორი მიდგომაა“, - დასძინა ნაუსედამ.
ცნობისთვის, გასულ თვეში კიევში ვიზიტის შემდეგ, მერცმა, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან ერთად, მოუწოდა რუსეთს, დათანხმებულიყო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე. ლიდერები უარის შემთხვევაში რუსეთს სანქციებით დაემუქრნენ. რუსეთმა მოწოდება უგულებელყო და ახალი სანქციები არ დაწესებულა.