ნატოში აშშ-ის ელჩის განცხადებით, მომავალში გერმანიამ შესაძლოა, ევროპაში ნატოს ძალების სარდლობა გადაიბაროს
ნატოში აშშ-ის ელჩის მეთიუ უიტაკერის განცხადებით, მომავალში გერმანიამ შესაძლოა, ევროპაში ნატოს ძალების სარდლობა გადაიბაროს. ამის შესახებ მან ბერლინის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, იუწყება The Times-ი.
უიტაკერის თქმით, ვაშინგტონის გრძელვადიანი „ამბიციური მიზანია“, რომ ბერლინმა დანიშნოს ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ევროპაში, რადგან ევროპა უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარ თავდაცვაზე.
ნატოს ისტორიის მანძილზე, 1951 წლიდან, ეს თანამდებობა ყოველთვის აშშ-ის ოთხვარსკვლავიან გენერალს ეკავა. ივლისიდან ამ თანამდებობას აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალი ალექსუს გრინკევიჩი იკავებს.
აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ ტრამპს სრულად ესმის ალიანსის მნიშვნელობა და რომ ვაშინგტონის მხარდაჭერა მისი ცენტრალური მე-5 მუხლის მიმართ, რომელიც ურთიერთდაცვას ეხება, „ურყევი“ რჩება.
შემდეგ მან შეაქო გერმანია ნატოს ახალი მიზნის მიღწევაში დახმარებისთვის, რომლის მიხედვითაც, მოკავშირეები მშპ-ის 3.5%-ს სამხედრო სფეროზე და კიდევ 1.5%-ს უსაფრთხოების უფრო ფართო საკითხებზე ხარჯავენ.
უიტაკერმა ბერლინი სხვა მოკავშირეებისთვის „ნათელ მაგალითად“ მოიხსენია და მოუწოდა მათ, მიბაძონ გერმანელებს „ალიანსის შემაკავებელი ძალის გაძლიერებასა და... უკრაინის მხარდაჭერაში“.
კითხვაზე, შეუქმნის თუ არა გართულებებს სამხედრო თვალსაზრისით უფრო ძლიერი ევროპა შეერთებულ შტატებს, მან უპასუხა: „მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც გერმანია შეერთებულ შტატებში ჩამოვა და იტყვის: „ჩვენ მზად ვართ, დავიკავოთ მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობა“. ვფიქრობ, ამისგან შორს ვართ, მაგრამ მოუთმენლად ველი ამ დისკუსიებს“.
„შესაძლოა, 15 წელიწადში, ან შესაძლოა, უფრო ადრეც ჩვენ გვექნება ეს დისკუსია, სადაც ევროპა იტყვის, რომ მზადაა, საკუთარ თავზე აიღოს ის რეალური ლიდერობა, რაც შეერთებულმა შტატებმა [ნატოს დაარსებიდან] ბოლო 76 წლის განმავლობაში აჩვენა“, - დასძინა აშშ-ის წარმომადგენელმა.
საპასუხოდ, ნატოს სამხედრო კომიტეტში გერმანიის წარმომადგენელმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვოლფგანგ ვინმა განაცხადა, რომ წინადადებით „ცოტათი გაკვირვებული“ იყო.