ნატოში აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ აშშ ალიანსის მეშვეობით უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე სამშვიდობო შეთანხმება არ გაფორმდება
აშშ ნატოს მეშვეობით უკრაინაში იარაღის, მათ შორის შეტევითი სისტემების გაგზავნას გააგრძელებს იქამდე, ვიდრე სამშვიდობო შეთანხმება არ გაფორმდება. ამის შესახებ ნატოში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა მეთიუ უიტაკერმა NewsMax-თან ინტერვიუში განაცხადა.
„სანამ სამშვიდობო შეთანხმება არ გაფორმდება, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი იარაღის ნატოს მოკავშირეებისთვის მიყიდვას და ისინი, თავის მხრივ, მას, ძირითადად, უკრაინას მიაწვდიან“, - აღნიშნა უიტაკერმა.
მან დასძინა, რომ ეს იქნება როგორც თავდაცვითი იარაღი, კერძოდ, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები, ასევე შეტევითი იარაღი, „რაც მათ საშუალებას მისცემს, გააგრძელონ ბრძოლა, დაიცვან თავი და უზრუნველყონ, რომ მათი ქვეყანა არ დაიპყრონ“.
„პრეზიდენტი ტრამპი ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ნათლად საუბრობდა. ნატოს ფარგლებში, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვჭირდება ჩვენი კოალიციის ერთიანობის შენარჩუნება და მეორეც, ჩვენი მოკავშირეების - ევროპის ყველა ქვეყნისა და კანადის - გაძლიერება, რადგან სწორედ ეს ძალა უზრუნველყოფს საბოლოოდ მშვიდობას, რათა ამ ომის დასრულების შემდეგ ჩვენ არ აღმოვჩნდეთ ევროპის კონტინენტზე კიდევ ერთი შეჭრის წინაშე“, - ხაზგასმით აღნიშნა უიტაკერმა.