ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე: ნატო უკრაინის გვერდით დადგება, ვიდრე მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დასხდებიან
        ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა ჯუზეპე კავო დრაგონემ განაცხადა, რომ ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას, ვიდრე მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დასხდებიან, - ამის შესახებ BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ოპერატიული თვალსაზრისით, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ჩიხშია შესული, ამიტომ „თითქმის დროა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდეთ, რადგან ჩვენ სიცოცხლის განადგურებაზე ვსაუბრობთ“.
ამავდროულად, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ ომი კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის სტრატეგიულ დამარცხებად შეაფასა, მიუხედავად ბოლო კვირების განმავლობაში რუსული ძალების ბრძოლის ველზე ნელი წინსვლისა.
„ისინი (უკრაინაში) ვერ მიიღებენ მეგობრულ ან მარიონეტულ მთავრობას, როგორც ეს ბელარუსშია. პუტინი წარმატებას ვერ მიაღწევს“, - განაცხადა კავო დრაგონემ.
კითხვაზე, მზად არიან თუ არა ევროპული ქვეყნები უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერის გასაგრძელებლად, ადმირალმა დადებითად უპასუხა.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ ევროპა გამოფხიზლდა და ახლა საკუთარ თავდაცვაზე პასუხისმგებლობას იღებს.