Loading data...
ნატოს გენმდივანმა ირანთან ომის ფონზე მე-5 მუხლის ამოქმედებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

ნატო არ მონაწილეობს აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წარმოებულ ოპერაციაში. ამავდროულად, ალიანსის წევრები ფართოდ უჭერენ მხარს ირანის ბირთვული და სარაკეტო პოტენციალის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ბლოკის ძალები ალიანსის ტერიტორიის დასაცავად მზადყოფნაში რჩებიან. მან გაიხსენა ნატოს წევრი ქვეყნის, თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიმართული ირანული რაკეტის ჩამოგდების ფაქტი, რომელიც ალიანსის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებმა გაანეიტრალეს. 

რუტემ ასევე უპასუხა ნატოს კოლექტიური თავდაცვის დებულების, მე-5 მუხლის, შესაძლო გამოყენების შესახებ დასმულ კითხვას. მასში ნათქვამია, რომ ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა ყველა წევრზე თავდასხმად მიიჩნევა. 

„კარგი მიზეზების გამო, ჩვენ ყოველთვის ძალიან ბუნდოვანი ვიქნებით იმის შესახებ, თუ ზუსტად როდის ამოქმედდება მე-5 მუხლი. ჩვენ ამ ბუნდოვანებას იმიტომ ვინარჩუნებთ, რომ არ გვინდა, ჩვენი მტრები, ჩვენი მოწინააღმდეგეები თუნდაც ოდნავადაც კი ინფორმირებულები იყვნენ“, - განმარტა მან.

ნატოს გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ თუ მე-5 მუხლი ამოქმედდება, ალიანსი ამას დაუყოვნებლივ გამოაცხადებს.

„ჩვენი მოკავშირეთა უმაღლესი მთავარსარდალი, ჩვენი უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობა და, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი და ქალი - ჩვენ ვალდებულნი ვართ, უზრუნველვყოთ, რომ შევძლოთ და დავიცვათ ნატოს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. ამავდროულად, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ახლო აღმოსავლეთში, როდესაც ვხედავთ ამ განურჩეველ თავდასხმებს არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის, ომანის, საუდის არაბეთის, ქუვეითისა და რეგიონის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. მათ მტკიცედ ვუჭერთ მხარს. მათთან მუდმივ კონტაქტზე ვარ, რადგან გვინდა, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ რისი გაკეთებაც შეგვიძლია მათი უსაფრთხოებისთვის, ამაში დავეხმარებით“, - დაასკვნა მარკ რუტემ.