Loading data...
ნატოს გენერალური მდივანი: ჩინეთმა და რუსეთმა, შესაძლოა, ევროპასა და ტაივანზე ერთდროულად თავდასხმა განახორციელონ

რუსეთმა და ჩინეთმა, შესაძლოა, ევროპასა და ტაივანზე კოორდინირებული თავდასხმა განახორციელონ, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ გერმანულ გაზეთ „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ მშვიდობიანი, თავდაცვითი ალიანსი ვართ. თუმცა, ჩვენ, ასევე, ვხედავთ გლობალურ კავშირს ჩინეთსა და რუსეთს შორის. ჩინეთი ტაივანს აკვირდება. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩინეთი იქ სამხედრო ქმედებებს განახორციელებს, ის პუტინის ხელმძღვანელობით თავის უმცროს პარტნიორზე, რუსეთზე, ზეწოლას მოახდენს, რათა ჩვენ აქ, ევროპაში, დაკავებული ვიყოთ. სწორედ ამიტომ უნდა ვიყოთ მზად“, - აღნიშნა მან.

როდესაც ჰკითხეს, შეძლებდა თუ არა ევროპა რუსეთის შეჭრის დამოუკიდებლად მოგერიებას აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, რუტემ აღნიშნა, რომ ევროპელებს „ამაზე ფიქრი არ სჭირდებათ“.

„იმიტომ, რომ ჩვენ ალიანსი ვართ და იმიტომ, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ნატოს. გარდა ამისა, ნატოს პირდაპირი გავლენა აქვს აშშ-ის უსაფრთხოების პოლიტიკაზე. უსაფრთხო ევროპა ნიშნავს უსაფრთხო ამერიკას“, - დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა.