Loading data...
ნატოს ერთობლივი საზღვაო ძალების ხელმძღვანელი: ნატოს არ აქვს გამძლეობა ხანგრძლივი ომის წარმოებისთვის

ნატოს შეიარაღებულ ძალებს ამჟამად არ აქვთ გამძლეობა ხანგრძლივი ომის წარმოებისთვის, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალების ვიცე-ადმირალმა, ნატოს ერთობლივი საზღვაო სარდლობის ხელმძღვანელმა, მაიკ ატლიმ განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთის შეიარაღებული ძალები უფრო რთული ბრძოლისთვის უნდა მოემზადონ.

როგორც ის აღნიშნავს, ნატოს შესაძლებლობების მხრივ რუსეთთან შედარებით უპირატესობა აქვს, მაგრამ სულაც არ შეუძლია ამ შესაძლებლობების შენარჩუნება ხანგრძლივი უწყვეტი საბრძოლო პერიოდის განმავლობაში.

გვაქვს თუ არა ის მდგრადობა, რომლის ქონაც გვსურს? ვფიქრობ, ბოლო 10 თვის განმავლობაში გაკეთებულმა კომენტარებმა აჩვენა, რომ არა, ჩვენ არ გვაქვს. თუმცა, ქვეყნები ამას სრულად აცნობიერებენ და მზად არიან, ინვესტიცია ჩადონ ამ შესაძლებლობებში, რათა გავზარდოთ ჩვენი მდგრადობა“, - აღნიშნა მეთაურმა.

ევროპელი უსაფრთხოების მაღალი რანგის წარმომადგენლები განგაშს ატეხენ რუსეთთან შესაძლო კონფლიქტისთვის მომზადების აუცილებლობის შესახებ, რადგან მოსკოვი ევროპაზე ჰიბრიდულ თავდასხმებს აძლიერებს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ გასულ კვირას განაცხადა, რომ რუსეთი შესაძლოა მზად იყოს ნატოს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოსაყენებლად და აღნიშნა, რომ ალიანსი „მზად უნდა იყოს იმ მასშტაბის ომისთვის, რომელიც ჩვენმა ბებია-ბაბუებმა ან დიდ-ბებია-ბაბუებმა განიცადეს“.