Loading data...
NATO-ს მოკავშირეებმა ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მარკ რუტე აირჩიეს

ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ 26 ივნისს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ნატოს მომავალ გენერალურ მდივნად აირჩია. ის ამ პოსტზე იენს სტოლტენბერგს ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ალიანსის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.

„ბ-ნი რუტე თავის ფუნქციებს გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2024 წლის 1 ოქტომბრიდან შეასრულებს, როდესაც იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილების ვადა ალიანსის სათავეში ყოფნიდან 10 წლის შემდეგ ამოიწურება“, - ნათქვამია განცხადებაში.  

ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე რუტეს დანიშვნა მას შემდეგ განიხილებოდა, რაც ამ პოსტზე მისმა ერთადერთმა კონკურენტმა, რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა გასულ კვირას განაცხადა, რომ თანამდებობისთვის ბრძოლას წყვეტდა.

ცნობისთვის, ნატოს ამჟამინდელი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ალიანსს 2014 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ხელმძღვანელობს.