Loading data...
ნარგეს მოჰამადი: ირანელები ომისა და ეკონომიკური სირთულეებისთვის „ძალიან მძიმე ფასს იხდიან“

ირანელები მძიმე მდგომარეობაში არიან, რადგან ეკონომიკური სიდუხჭირე და შიდა რეპრესიები მათ „სუნთქვის საშუალებას არ აძლევს“,-  ამის შესახებ ქვეყნის ყველაზე ცნობილი უფლებადამცველი, ნობელის მშვიდობის პრემიის 2023 წლის ლაურეატი ნარგეს მოჰამადი, Associated Press-თან ინტერვიუში აცხადებს

54 წლის ნარგეს მოჰამადი მიმდინარე წლის დასაწყისში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ციხიდან დროებით გაათავისუფლეს. მან მანამდე გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მისი მემუარები, სახელწოდებით „ქალი არასდროს წყვეტს ბრძოლას“, ციხეში დაიწერა, წიგნის ზოგიერთი ნაწილი კი სხვა პატიმრებმა ფარულად გაიტანეს. მისი ფრანგული, გერმანული და კიდევ ცხრა სხვა ენაზე გამოცემები მიმდინარე თვეში გამოდის. ინგლისური და სპარსული გამოცემები კი მომავალ წელს გამოვა.

Associated Press-თან ინტერვიუში, მოჰამადი აცხადებს, რომ ირანელები მრავალი კრიზისის წინაშე დგანან, რაც მიმდინარე ომსა და მზარდ ეკონომიკურ ზეწოლას უკავშირდება.

„სწორედ ხალხი იხდის უკიდურესად მძიმე ფასს“, - აცხადებს ის.

თუმცა, მისი თქმით, ბევრი ირანელი კვლავაც ჩუმად ეწინააღმდეგება ხელისუფლებას. მოჰამადი ამ ცვლილების სათავეს 2022 წლის საპროტესტო აქციებში ხედავს, რომლებიც 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ამინი საავადმყოფოში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ის ხელისუფლების მიერ დაწესებული მკაცრი ისლამური ჩაცმულობის წესის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

მოჰამადის წარმომადგენლების განცხადებით, მისი წიგნის გამოცემა ამ თვეში ამინის გარდაცვალების წლისთავს ემთხვევა და მისი ხსოვნის პატივსაცემად ხდება. ინგლისური და სპარსული გამოცემები კი იმავე მიზეზით 2027 წლის სექტემბერში გამოვა.

„თუ ქუჩაში გახვალთ, დაინახავთ ხალხში წინააღმდეგობის ტალღას, ცნობიერების ტალღას და მათ გადაწყვეტილებას, რომ საკუთარი უფლებებისთვის იბრძოლონ“, - აღნიშნავს მოჰამადი.

მისი თქმით, ხელისუფლების რეპრესიები გაძლიერდა, თუმცა ახალი, ახალგაზრდა თაობის ბევრი წარმომადგენელი „იცნობს საკუთარ უფლებებს“ და პოზიციას მტკიცედ ინარჩუნებს.

„და ეს გვაძლევს იმედის საფუძველს“, - ამბობს ის.

AP-მა მოჰამადის უსაფრთხოებაზე არსებული შეშფოთების გამო მას ირანში მიმდინარე პოლიტიკური ვითარებისა და ხელისუფლების შესახებ კონკრეტული კითხვები არ დაუსვა. თუმცა მან ზოგადად ისაუბრა ომის ფასზე.

როგორც მედია წერს, მოჰამადი საჯარო გამოსვლის დროს დააკავეს. მას ამ აქციაში მონაწილეობის გამო 16 წლით პატიმრობა და 100-ზე მეტი შოლტის დარტყმა მიუსაჯეს. მისი თქმით, მან ხანგრძლივი პერიოდები გაატარა სამარტოო საკანში.

1-ელ მაისს მან გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაახლოებით 10 დღის შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და თეირანის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც კიდევ ორი კვირა დარჩა.