Loading data...
ნაგასაკის მერი ამბობს, რომ მსოფლიოში ბირთვული ომის საფრთხე გაიზარდა

იაპონიის ქალაქ ნაგასაკის მერმა სირო სუზუკიმ მსოფლიოს ბირთვულ იარაღზე უარის თქმისკენ მოუწოდა. ასევე, მისი თქმით, მსოფლიოში ბირთვული ომის საფრთხე გაიზარდა. ეს განცხადება სუზუკიმ 9 აგვისტოს, ატომური ბომბის მსხვერპლთა მოგონების დღეს გააკეთა, რომელიც აშშ-მა ნაგასაკიზე 80 წლის წინ ჩამოაგდო. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. 

„კაცობრიობის ეს ეგზისტენციური კრიზისი ყოველი ჩვენგანისთვის პლანეტაზე უშუალო პრობლემად იქცა“, - განაცხადა ნაგასაკის მერმა.

იაპონელმა ჩინოვნიკმა მოუწოდა მსოფლიოს, რომ ისტორიიდან დასკვნები გამოიტანოს, რათა გარანტია არსებობდეს, რომ ნაგასაკი ბოლო ქალაქია, სადაც ბირთვული კატასტროფა დატრიალდა.

მხოლოდ ნაგასაკიში 1945 წლის 9 აგვისტოს ატომური ბომბის აფეთქების შედეგად 70 000 ადამიანი დაიღუპა და 75 000 დაიჭრა. სამი დღით ადრე აშშ-მა ატომური ბომბით ქალაქი ხიროსიმა გაანადგურა. ხიროსიმაში 100 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ხიროსიმა და ნაგასაკი მსოფლიოში ერთადერთი ქალაქებია, რომლებიც ატომური დაბომბვის შედეგად იყო განადგურებული.