Loading data...
„მსურველთა კოალიცია“: უკრაინის საზღვრები ძალით არ უნდა შეიცვალოს, ნებისმიერმა გადაწყვეტამ მისი სუვერენიტეტი უნდა შეინარჩუნოს

„მსურველთა კოალიციის“ ლიდერებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ომის დასრულების მცდელობების მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და კიდევ ერთხელ გაიმეორეს თავიანთი პოზიცია, რომ უკრაინის საზღვრები ძალით არ უნდა შეიცვალოს.

„მსურველთა კოალიციის“ ლიდერების მიერ ვირტუალურ რეჟიმში გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ „ნებისმიერი გადაწყვეტა სრულად უნდა მოიცავდეს უკრაინას, ინარჩუნებდეს მის სუვერენიტეტს, შეესაბამებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების პრინციპებს და უზრუნველყოფდეს ქვეყნის გრძელვადიან უსაფრთხოებას“.

ცნობისთვის, ვირტუალურ შეხვედრას თანათავმჯდომარეობდნენ გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები და ესწრებოდნენ სხვა ქვეყნების ლიდერებიც, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

კოალიცია „მიესალმა გარანტიებს, რომ ევროპისა და ნატოს ინტერესებთან დაკავშირებული საკითხები ცალ-ცალკე განიხილება, ევროპელი პარტნიორებისა და ნატოს მოკავშირეების სრული ჩართულობით“ და დაეთანხმა, რომ უკრაინის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება, მათ შორის, გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით, „კრიტიკულად მნიშვნელოვანი“ იქნება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ასეთი გარანტიების დაგეგმვის წინსვლის მიზნით, კოალიციის ლიდერები მარკო რუბიოსთან შეთანხმდნენ, დააჩქარონ შეერთებულ შტატებთან ერთობლივი მუშაობა.