Loading data...
მოუტანს თუ არა ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები პუტინს გამარჯვებას? - პენტაგონის ხელმძღვანელის განმარტება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვერ შეძლებს უკრაინის ომში გამარჯვებას, თუნდაც DPRK-ის ჯარისკაცების დახმარებით, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. მოვუწოდებთ კრემლს შეცვალოს კურსი. ჩვენ სრულად გვესმის, რა შედეგები მოჰყვება როგორც ევროპის, ისე ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოებას. პუტინი ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში, თუნდაც ჩრდილოეთ კორეის დახმარებით“, - აღნიშნა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

ამასთან, ოსტინმა არ დააკონკრეტა, რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს აშშ რუსეთში ჩრდილოეთ კორეის ჯარების გაგზავნაზე რეაგირებისთვის.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ჯერ კონკრეტულად ვერ იტყვის, ჩაერთვებიან თუ არა ისინი საომარ მოქმედებებში, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება ამ ფაქტის გამო.

მან აღნიშნა, რომ DPRK-მ გაგზავნა დაახლოებით 10 000 ჯარისკაცი რუსეთში საწვრთნელად და რუსეთის ფედერაცია ამ ჯარისკაცებს თავისი არმიის ტანსაცმლითა და იარაღით აღჭურავს.

„რუსეთმა ხელი მოაწერა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რომლითაც პირობა დადო, რომ არ გაუწევს სამხედრო დახმარებას ჩრდილოეთ კორეას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ პუტინმა დიდი ძალისხმევა გასწია ჩრდილოეთ კორეიდან და ირანიდან იარაღის მისაღებად“, - დასძინა ოსტინმა.