Loading data...
მოსკოვმა სომხური პროდუქციის იმპორტის აღდგენის პირობები დაასახელა

„რუსეთი მზადაა აღადგინოს სომხური პროდუქციის იმპორტი, თუმცა ერევნისგან კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვს“, - ამის შესახებ ARMENPRESS-ი იუწყება.

აღნიშნული საკითხი ალმათიში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს, სადაც ერთმანეთს რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი ოქსანა ლუტი და სომხეთის ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი შეხვდნენ.

რუსეთის უწყების ოფიციალური განცხადებით, შეზღუდვების გაუქმების მთავარი წინაპირობა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ეს მოიცავს სომეხი მწარმოებლების მიერ მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებას და სავალდებულო სტანდარტების დაცვას.

„სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ შორის სომეხი მწარმოებლების მიერ საკუთარი ნედლეულის გამოყენება, პესტიციდებზე კონტროლი, მიწოდების ჯაჭვის გამჭვირვალობა და სხვა სავალდებულო მოთხოვნების დაცვა, ამჟამად შეზღუდვების ქვეშ მყოფი პროდუქციის იმპორტის განახლების მთავარი პირობაა“, - აცხადებენ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

ცნობისთვის, 2026 წელს მოსკოვმა სომხეთიდან სხვადასხვა დასახელების პროდუქციის, მათ შორის ხილ-ბოსტნეულის, ყვავილების, თევზეულის, ალკოჰოლური სასმელებისა და მინერალური წყლების ექსპორტი შეაჩერა.