„მორიგი სიცრუე“ - ბუდანოვი მისი გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. ამის შესახებ მან BBC News Ukraine-სთვის მიცემულ კომენტარში ისაუბრა.
„მორიგი სიცრუე”, - აღნიშნა ბუდანოვმა.
მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ „ეს ნორმალური სამუშაო ფორმატია“.
„სამწუხაროდ, ეს ნარატივები გარკვეულ მომენტში გავრცელდა უკრაინის საინფორმაციო სივრცეში და ფართოდ რუსული პროპაგანდის მიერ. მაგრამ ამაში გასაკვირი არაფერია - ჭორებისა და დეზინფორმაციის გავრცელება არის ის, რასაც ისინი აკეთებენ როგორც ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის, ისე გუნდის დესტაბილიზაციისთვის“, - განაცხადა მან.
დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა დასძინა, რომ ომი გრძელდება და სადაზვერვო ორგანო მრავალი ამოცანის წინაშე დგას. მისივე თქმით, ნებისმიერი საფრთხე, რომელიც რუსეთის რეჟიმისგან მოდის, ჰიპოთეტურად რეალურია.
ბუდანოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის დიქტატორ ვლადიმერ პუტინის უახლესი მუქარა უკრაინელების წინააღმდეგ ახალი ბალისტიკური რაკეტების გამოყენების შესახებ არის ომის დამთავრების თავიდან აცილების მცდელობა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი უკვე იყენებს თითქმის ყველა სახის ხელმისაწვდომ იარაღს უკრაინის წინააღმდეგ.
„მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ: რუსებს ფუნდამენტურად ახალი არაფერი უჩვენებიათ“, - აღნიშნა ბუდანოვმა.