„მოღალატე“ - იერუსალიმსა და თელ-ავივში მასშტაბური აქციები გაიმართა

იერუსალიმსა და თელ-ავივში ღაზას სექტორში ომის დასრულებისა და „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური აქციები გაიმართა. აქციაში ათიათასობით ადამიანი მონაწილეობს.
იერუსალიმში მომიტინგეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან შეიკრიბნენ.
„მოღალატე“- სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები, რომელთა შორისაც იყვნენ „ჰამასის“ მიერ გატაცებულების ოჯახის წევრები და ახლობლები.
მომიტინგეები მოითხოვენ ომის დასრულებას დიპლომატიური შეთანხმების გზით, რომელიც უზრუნველყოფს დარჩენილი 48 ტყვის გათავისუფლებას.
მძევლად აყვანილი მატან ზანგაუკერის დედა, ეინავ ზანგაუკერი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს „ებრაელი ხალხის ყველაზე დიდ მტრად მოიხსენიებს“.
„მოსადის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, იოსი კოენმა, „არხ 12“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ აღარ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, რადგან ისრაელს სჭირდება ცვლილებები, რომელთა განხორციელებაც მას არ შეუძლია.
კოენი აღიარებს, რომ „ნეთანიაჰუმ ბევრი რამ გააკეთა... ისრაელის საკეთილდღეოდ“, თუმცა ამბობს, რომ ქვეყანას „ამ მომენტში სხვა ლიდერი სჭირდება“.