Loading data...
„მხოლოდ ტრამპს შეუძლია ომის შეჩერება“ - სიბიგა აცხადებს, რომ უკრაინას მოლაპარაკებების დაჩქარება სურს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი პირადად შეხვდებიან ერთმანეთს, რათა სამშვიდობო შეთანხმების ყველაზე რთული საკითხები განიხილონ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის თქმით, მხარეების მიერ განხილული 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმიდან მხოლოდ „რამდენიმე“ საკითხი დარჩა გადაუჭრელი. სიბიგამ განმარტა, რომ ეს არის „ყველაზე მგრძნობიარე და რთული საკითხები, რომლებიც ლიდერების დონეზე უნდა გადაწყდეს“.

სიბიგამ აღნიშნა, რომ უკრაინა აპირებს, დააჩქაროს მოლაპარაკებების პროცესი, ვიდრე ამერიკული მხარე ყურადღებას შიდა პოლიტიკაზე, კერძოდ, ნოემბერში დაგეგმილი კონგრესის შუალედური არჩევნების კამპანიაზე გადაიტანს.

„ჩვენ გვაქვს იმპულსი, ეს მართალია. ჩვენ გვჭირდება ამ სამშვიდობო ძალისხმევის კონსოლიდაცია, ან მობილიზება და მზად ვართ, დავაჩქაროთ ეს პროცესი“, - აღნიშნა სიბიგამ.

მან დასძინა, რომ ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან „მხოლოდ ტრამპს შეუძლია, შეაჩეროს ომი“.

მინისტრმა დასძინა, რომ შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა მზადყოფნა კონგრესში უსაფრთხოების გარანტიების რატიფიცირებისთვის. სიბიგას თქმით, ეს უნდა იყოს ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი მექანიზმი.

„პირადად მე ამ ეტაპზე არ მჯერა ამერიკელების გარეშე უსაფრთხოების რაიმე ინფრასტრუქტურის, ან არქიტექტურის შექმნის... ისინი ჩვენთან უნდა იყვნენ - და ისინი ამ პროცესში არიან. ეს უზარმაზარი, უზარმაზარი მიღწევაა“, - განაცხადა მინისტრმა.