Loading data...
მიანმარის მონასტერზე თავდასხმას თოთხმეტი ადამიანი ემსხვერპლა

მიანმარში მონასტერზე ავიაიერიშის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

მაშველების თქმით, ყველა დაღუპული ხანდაზმული იყო და თავდასხმის შედეგად რამდენიმე ბერი დაშავდა. მათივე ცნობით, მონასტერზე დარტყმა ორჯერ განხორციელდა. 

საინფორმაციო სააგენტო AFP-ის ცნობით, თავდასხმა 21 აგვისტოს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 09:00 საათზე მოხდა მიაუნგის დასახლებაში, ცენტრალურ საგაინგის რეგიონში, მანდალაიდან დასავლეთით დაახლოებით 70 კილომეტრში.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მშვიდობიანი მოქალაქეები ბუდისტური მარხვის აღსანიშნავად მედიტაციისთვის შეიკრიბნენ. მიანმარის სამხედროებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ცნობისთვის, მიანმარში სამოქალაქო ომი 2021 წლიდან მძვინვარებს, როდესაც სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს და აუნ სან სუ ჩი ხელისუფლებას ჩამოაშორეს. მას შემდეგ ქვეყანა საომარი რეჟიმის ქვეშაა. სამხედროები, რომლებსაც ხშირად ადანაშაულებენ საზოგადოებრივ შენობებზე თავდასხმების განხორციელებაში, ადრე აცხადებდნენ, რომ ისინი მხოლოდ ლეგიტიმურ სამიზნეებს ურტყამენ.