მერცის თქმით, გერმანიის მთავრობა ტრამპის მუქარას მშვიდად ხვდება
გერმანიის მთავრობა მშვიდად ხვდება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მორიგ მუქარას, რომ ის გერმანიიდან ამერიკული ჯარის ნაწილს გაიყვანს. როგორც გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მუნსტერეს სამხედრო პოლიგონზე ვიზიტის დროს განაცხადა, ბუნდესვერი და აშშ-ის არმია გერმანიის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე „მხარდამხარ მუშაობენ“, რაც „ტრანსატლანტიკურ ერთიანობას“ ნიშნავს და „ყველა აქედან სარგებელს იღებს“. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
მერცმა „კარგი ნიშანი“ უწოდა იმ ფაქტს, რომ ევროპასა და აფრიკაში ამერიკულ ძალების სარდალი ერთობლივ წვრთნებს პირადად აკვირდებოდა. მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ გერმანიაში თავისი კონტინგენტის შემცირების შესაძლებლობას განიხილავს და ეს გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული.
ტრამპმა ეს განცხადება ორი ქვეყნის ლიდერს შორის დაუსწრებელი კამათის შემდეგ გააკეთა. მერცმა მანამდე ამერიკული მხარე ირანის ომში სტრატეგიის არარსებობაში დაადანაშაულა, ხოლო ტრამპმა მერცს ირანის ბირთვული პროგრამის მხარდაჭერაში დასდო ბრალი.
მერცმა ტრამპის მუქარას ჯარის გაყვანის შესახებ პირდაპირ არ უპასუხა, მაგრამ სამხედრო პოლიგონზე სტუმრობისას მან განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს.
„ირანის ბირთვული პროგრამა უნდა დასრულდეს, ხოლო ისრაელზე და პარტნიორებზე ირანის იერიშები უნდა შეწყდეს“, - განაცხადა მერცმა.
გერმანიის და აშშ-ის ლიდერებს შორის უთანხმოების მიუხედავად, 29 აპრილს ორი ქვეყნის სამხედრო მეთაურობამ მოლაპარაკება გამართა. ბუნდესვერის გენერალური ინსპექტორი, კარსტენ ბროიერი ვაშინგტონში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ელბრიჯ კოლბის შეხვდა. შეხვედრაზე გერმანიის ახალი სამხედრო სტრატეგია განიხილებოდა. ეს არის ნატოს სტრუქტურებს მიღმა, პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში უდიდესი კონვენციური ჯარის შექმნა.