მერცი ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას აკრიტიკებს: ის, თუ როგორ იტანჯება მშვიდობიანი მოსახლეობა, აღარ შეიძლება გამართლდეს „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლით

გერმანიის კანცლერმა ისრაელი ღაზას სექტორში შეტევის განახლების გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამ ქმედების მიზანი ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Spiegel ავრცელებს.
მერცმა გააკრიტიკა ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზას სექტორში და მისი შედეგები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.
„რაც შეეხება იმას, თუ რას აკეთებს ამჟამად ისრაელის არმია ღაზას სექტორში, გულწრფელად რომ ვთქვა, აღარ მესმის ამის მიზანი. ის, თუ როგორ იტანჯება მშვიდობიანი მოსახლეობა, განსაკუთრებით ბოლო დღეებში, აღარ შეიძლება გამართლდეს „ჰამასის“ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლით“, - განაცხადა კანცლერმა.
მერცმა აღნიშნა, რომ ის გეგმავს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბარს, სადაც თავის შეშფოთებას გამოთქვამს. ამავდროულად, მან გაიხსენა გერმანიის ისტორიული დანაშაული ებრაელი ხალხის წინაშე, რაც მას ავალდებულებს, „უფრო მეტი თავშეკავება გამოიჩინოს საჯარო განცხადებებში ისრაელთან დაკავშირებით, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერი სხვა ქვეყნის მიმართ“.
ინფორმაციისთვის, შაბათ-კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქ ხან-იუნისზე ისრაელის ავიაიერიშის შედეგად პალესტინელი ექიმის თითქმის მთელი ოჯახი - ათი ბავშვიდან ცხრა - დაიღუპა და რომ 26 მაისის დილას ღაზაში სკოლაზე დარტყმის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა. ისრაელი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ შენობას „ჰამასის“ მებრძოლები იყენებდნენ.
გასულ კვირას ევროკავშირმა ისრაელი ქალაქ ჯენინში დიპლომატიური დელეგაციის ვიზიტის დროს დასავლეთ სანაპიროზე განხორციელებული იერიშის გამო გააკრიტიკა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ დიპლომატებმა დამტკიცებული მარშრუტიდან გადაუხვიეს და „აქტიური საბრძოლო ზონისკენ“ გაემართნენ, ისრაელის ძალებმა კი „გამაფრთხილებელი გასროლა“ განახორციელეს.