მერცი აცხადებს, რომ ირანში „საშინელი რეჟიმის დამხობის საკითხში“ ტრამპის პოზიციას იზიარებს
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ირანის რეჟიმის დამხობის საკითხში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზიციას იზიარებს.
„ჩვენ ერთ აზრზე ვართ თეირანში ამ საშინელი რეჟიმის დამხობის საკითხთან დაკავშირებით. და ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა მოხდება მომდევნო დღეს“, - განაცხადა მერცმა.
„ყველას იმედი გვაქვს, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდება. ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ ისრაელის და ამერიკის არმია სწორ ნაბიჯებს დგამს, რათა ეს ყველაფერი დასრულდეს და ხელისუფლებაში მართლაც ახალი მთავრობა მოვიდეს, რომელიც მშვიდობასა და თავისუფლებას დაუბრუნდება“, - დასძინა მერცმა.
ოვალურ კაბინეტში მერცმა ასევე განაცხადა, რომ ტრამპთან აშშ-გერმანიის სავაჭრო შეთანხმებაზე ისაუბრებს, რომელიც სურს, ძალაში „რაც შეიძლება მალე შევიდეს“. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომიც საუბრის დღის წესრიგშია.