მერცი აცხადებს, რომ გერმანია ევროპელ მოკავშირეებთან ერთად საერთო ბირთვული ქოლგის შექმნას განიხილავს
ევროპული ქვეყნები იწყებენ საერთო ბირთვული ქოლგის იდეებზე მსჯელობას, რომელიც აშშ-თან არსებულ უსაფრთხოების შეთანხმებებს შეავსებს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებები მხოლოდ საწყის ეტაპზეა.
როგორც მერცმა განაცხადა, გერმანიის სახელშეკრულებო ვალდებულებები ხელს არ უშლის პარტნიორებთან, მათ შორის ბრიტანეთთან და საფრანგეთთან, ევროპულ ძალებთან, რომლებსაც ბირთვული არსენალი აქვთ, ერთობლივი გადაწყვეტილებების განხილვაში.
„ჩვენ ვიცით, რომ უნდა მივიღოთ სტრატეგიული და სამხედრო პოლიტიკური გადაწყვეტილებები. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ის არ ეწინააღმდეგება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბირთვული იარაღის გაზიარებას. ჩვენ არ გვაქვს რაკეტები ან ქობინები, მაგრამ გვაქვს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური უპირატესობა, რითაც შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ერთობლივ ევროპულ ინიციატივაში“, - განუცხადა მერცმა ჟურნალისტებს.