მერცი: აშშ-ში ვიზიტი ისე არ წარიმართა, როგორც ზელენსკი იმედოვნებდა

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ვიზიტმა აჩვენა, თუ რამდენად სჭირდება უკრაინას ევროპის დახმარება.
მერცის თქმით, ზელენსკის და ტრამპს შორის მოლაპარაკებების შემდეგ მას უკრაინის პრეზიდენტთან ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა.
„ვიზიტი ისე არ წარიმართა, როგორც ზელენსკი იმედოვნებდა. ვფიქრობ, ამის თქმა აქაც შემიძლია“, - დასძინა მან.
კანცლერის თქმით, ეს ევროპის დახმარებას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის, რადგან ომის დასრულება მხოლოდ უკრაინის სამხედრო ძლიერებით შეიძლება.
მან განაცხადა, რომ იმუშავებს უკრაინის მხარდასაჭერად „ფინანსურად, პოლიტიკურად და, რა თქმა უნდა, სამხედრო თვალსაზრისით“.
კაპიტულაცია უკრაინისთვის ვარიანტი არ არის, რადგან მაშინ რუსეთი თავს დაესხმება შემდეგ ევროპულ ქვეყანას, ხაზგასმით აღნიშნა მერცმა.