Loading data...
მელონის განცხადებით, რომში გამართული კონფერენციის მონაწილეები უკრაინას აღდგენისთვის 10 მილიარდ ევროზე მეტის გამოყოფას დაჰპირდნენ

რომში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებს ეხებოდა, მონაწილეებმა პირობა დადეს, რომ კიევის დასახმარებლად 10 მილიარდ ევროზე მეტს (11,7 მილიარდი დოლარი) გამოყოფენ. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა. 

Reuters-ის ცნობით, კონფერენციას ქვეყნებისა და ორგანიზაციების ლიდერები ესწრებოდნენ, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. აღნიშნულია, რომ მელონიმ და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებიდან მათი ქვეყნების აღდგენის მაგალითი გაიხსენეს, როგორც მაგალითი იმისა, თუ რისი მიღწევა შეუძლია უკრაინას პოტენციურად. 

„ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიამაყოთ იმ შედეგით, რომელსაც დღეს ერთად მივაღწიეთ - ერები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ფინანსური ინსტიტუტები, ადგილობრივი ხელისუფლება, ბიზნესსექტორი და სამოქალაქო საზოგადოება. ერთად, დღევანდელ კონფერენციაზე ჩვენ ავიღეთ ვალდებულებები, რომელთა ჯამური ოდენობა 10 მილიარდ ევროს აჭარბებს“, - განაცხადა იტალიელმა პოლიტიკოსმა.

ასევე, კონფერენციის ფარგლებში გაირკვა, რომ 10-მა ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის იტალიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა და ესპანეთმა, ხელი მოაწერა ახლახან დაწყებულ ექსპორტის გარანტიის სქემას, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ევროკავშირის მეტი ფირმა უკრაინასთან ვაჭრობაში წაახალისოს.

ამავდროულად, ევროკომისიამ, სხვა პროგრამის ფარგლებში, უკრაინის მხარდასაჭერად 2.3 მილიარდი ევრო გამოყო. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ამ პროგრამამ უკრაინაში 10 მილიარდ ევრომდე ინვესტიციების მოზიდვა უნდა შეძლოს.

გარდა ამისა, ოფიციალურმა პირმა გამოაცხადა უკრაინის აღდგენის ახალი ფონდის შექმნის შესახებ, რომლის მიზანია 2026 წლისთვის კიდევ 500 მილიონი ევროს გამოყოფა. ეს სააქციო ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის მხარდაჭერით შეიქმნა.

„ჩვენ, ფაქტობრივად, ფსონს ვდებთ უკრაინის მომავალზე“, - ხაზგასმით აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.