Loading data...
მელონიმ ოლიმპიური თამაშების წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეებს იტალიის მტრები უწოდა

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ზამთრის ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობის ადგილთან მომიტინგეებსა და პოლიციას შორის მომხდარ შეტაკებას გამოეხმაურა და სამართალდამცავ ორგანოებს სოლიდარობა გამოუცხადა. შესაბამის განცხადებას მელონი Facebook-ზე აქვეყნებს. 

მელონის თქმით, ამჟამად ათასობით იტალიელი მუშაობს იმისათვის, რომ ოლიმპიური თამაშების დროს ყველაფერი შეუფერხებლად წარიმართოს.

„ბევრი ადამიანი ამას აკეთებს, როგორც მოხალისე, რადგან სურთ, რომ მათმა ქვეყანამ კარგი შთაბეჭდილება დატოვოს, მის მიმართ პატივისცემა და აღფრთოვანება გამოიჩინონ. ასევე, არიან ისეთებიც, ვინც იტალიისა და იტალიელების მტრები არიან და დემონსტრაციებს მართავენ „ოლიმპიური თამაშების წინააღმდეგ“, რის გამოც ეს სურათები მთელ მსოფლიოში ტელევიზიის ეკრანებზე ხვდება“, - აღნიშნა მან.

„ამის შემდეგ სხვებმა რკინიგზის კაბელები გაჭრეს, რათა მატარებლებმა ვერ იმოძრაონ“, - დასძინა მელონიმ.

„კიდევ ერთხელ ვუცხადებ სოლიდარობას პოლიციას, ქალაქ მილანს და ყველა იმ ადამიანს, ვისი საქმიანობაც ამ კრიმინალური დაჯგუფებების მიერ იქნება შელახული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, მილანში, ოლიმპიური სოფლის მახლობლად, 7 თებერვალს მომიტინგეების მცირე ჯგუფსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ისინი აპროტესტებდნენ მილან კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშების გარემოზე ზემოქმედებას და თამაშებზე აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) თანამშრომლების დასწრებას. დემონსტრანტებმა პოლიციის მისამართით ქვები და ფოიერვერკები ისროლეს. პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად ხელკეტები, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.