მელონი ადასტურებს, რომ ტრამპმა მხარი დაუჭირა იტალიის იდეას, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ნატოს მე-5 მუხლის საფუძველზე უზრუნველყოფის შესახებ

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის ალასკაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ სამშვიდობო შეთანხმების დადების შესაძლებლობა გაჩნდა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მნიშვნელობას.
„ვფიქრობ, პოზიტიურია, რომ უკრაინისთვის მშვიდობის სხივები ჩნდება. შეთანხმების მიღწევა კვლავ რთულია, მაგრამ საბოლოოდ შესაძლებელია, განსაკუთრებით ფრონტის ხაზზე თვეების განმავლობაში არსებული ჩიხის შემდეგ“, - განაცხადა მელონიმ.
ამავდროულად, იტალიის მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ უკრაინას შეეძლება მოლაპარაკებების წარმოება საკუთარი პირობებით და საკუთარ ტერიტორიაზე.
მისივე თქმით, მთავარ საკითხად უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები რჩება, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის ახალი შეჭრა.
„და სწორედ ამ ასპექტში დაფიქსირდა ყველაზე საინტერესო ამბები ანკორიჯში“, - დასძინა მელონიმ და აღნიშნა, რომ მხოლოდ ძლიერ და საიმედო გარანტიებს შეუძლია ახალი ომებისა და აგრესიის თავიდან აცილება.
მელონის თქმით, ტრამპმა დღეს მხარი დაუჭირა იტალიის იდეას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ნატოს მე-5 მუხლის საფუძველზე.
„წინადადების საწყისი წერტილია კოლექტიური უსაფრთხოების დებულების განსაზღვრა, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს, დაეყრდნოს ყველა პარტნიორის მხარდაჭერას, მათ შორის შეერთებული შტატების, რომლებიც მზად არიან, მიიღონ ზომები ახალი შეტევის შემთხვევაში. მოლაპარაკებების ამ ეტაპზე ევროპული სახელმწიფოები ერთიანები რჩებიან უკრაინის მხარდაჭერაში“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
როგორც მელონიმ შეაჯამა, მშვიდობისკენ მიმავალი გზა ადვილი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის არჩეული იყოს.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა და ევროპელმა მოკავშირეებმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების „მე-5 მუხლის სტილში“ განიხილეს, მაგრამ არა ნატოს ფარგლებში.