CNN: ტრამპმა და ევროპელმა ლიდერებმა უკრაინისთვის „მე-5 მუხლის ტიპის“ უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს, თუმცა არა ნატოს ფარგლებში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ევროპელმა მოკავშირეებმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების „მე-5 მუხლის სტილში“ განიხილეს, თუმცა არა ნატოს ფარგლებში. ამის შესახებ CNN-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ევროპელმა ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, CNN-ს განუცხადა, რომ ალასკაში ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებების შემდეგ ევროპელმა ლიდერებმა და აშშ-ის პრეზიდენტმა განიხილეს უკრაინისთვის „მე-5 მუხლის სტილის“ უსაფრთხოების გარანტიების მიცემის შესაძლებლობა, როგორც პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი.
ამავდროულად, წყარომ აღნიშნა, რომ ამ პოტენციურ გარანტიებში ნატოს ჩართვაზე საუბარი არ არის. წინადადების კონკრეტული დეტალები უცნობია.
უკრაინული მედიის, European Pravda-ს წყარომ, რომელიც მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებული იყო, დაადასტურა განხილვის დროს ასეთი წინადადების არსებობა და განმარტა, რომ ევროპელ ლიდერებსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბრების დროს ეს ნახსენები იყო ფორმულირებით „ნატოს არაწევრი მე-5 მუხლის უსაფრთხოების გარანტიები“ (non-NATO article 5 security guarantees).
„ეს იდეა ამერიკულმა მხარემ მოლაპარაკებების დროს წამოაყენა, როგორც უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია, რომელიც, სავარაუდოდ, ალასკაში პუტინთან შეთანხმდა“, - დასძინა წყარომ.
ცნობისთვის, მე-5 მუხლი ეხება ნატოს ალიანსის ქვეყნების კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულებას.