მედვედევი: რუსეთი საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ ბირთვულ დარტყმას განახორციელებს, თუ ისინი ბირთვულ იარაღს უკრაინას გადასცემენ
რუსეთი საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ ბირთვულ დარტყმას განახორციელებს, თუ ისინი ბირთვულ იარაღს უკრაინას გადასცემენ, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რითაც რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, „ლონდონი და პარიზი კიევის ბირთვული ბომბით შეიარაღებისთვის ემზადებიან“.
მისი თქმით, რუსეთი ბირთვულ იარაღს საჭიროების შემთხვევაში მისი მიმწოდებელი ქვეყნების წინააღმდეგაც გამოიყენებს, რადგან ისინი კონფლიქტის მხარეები გახდებიან.
„ეს ინფორმაცია სიტუაციას რადიკალურად ცვლის. ეს ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის ბირთვული იარაღის პირდაპირ გადაცემაა. ასეთ შემთხვევაში, რუსეთი იძულებული გახდება, რომ უკრაინაში სამიზნეების წინააღმდეგ ნებისმიერი იარაღი, მათ შორის არასტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენოს.
რუსეთი ბირთვულ იარაღს საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ქვეყნების წინააღმდეგაც გამოიყენებს, რადგან ისინი კონფლიქტის მხარეები გახდებიან. ეს სიმეტრიული პასუხი იქნება, რისი უფლებაც რუსეთის ფედერაციას აქვს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.