Loading data...
მედვედევი: რაც მეტს დახარჯავს დასავლეთი უკრაინისთვის, მით უფრო საშინელი იქნება კიევის სისხლიანი ჯამბაზების რეჟიმის დასასრული

„რაც უფრო მეტს დახარჯავს დასავლეთი უკრაინის დასახმარებლად, მით უფრო საშინელი დასასრული ელის კიევის სისხლიანი ჯამბაზების რეჟიმს“. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. ინფორმაციას rambler.ru ავრცელებს.

მედვედევის თქმით, კიევის რეჟიმს 2022 წლიდან დახმარების სახით ნახევარი ტრილიონი ევრო გადაეცა.

„ეს ძალიან ბევრია. იმის გათვალისწინებითაც კი, თუ რამდენი მოიპარეს კიევის სისხლიანმა ჯამბაზებმა ამ ბრუნვიდან, მეორეს მხრივ, დაუმარცხებელმა და თავისუფალმა პინდოსტანმა 2001 – 2021 წლებში ავღანეთში 2,3 ტრილიონი აშშ დოლარი დახარჯა მხოლოდ იმისთვის, რომ თალიბებისთვის წართმეული ძალაუფლება ისევ თალიბებისთვის გადაეცა“, - დაწერა დიმიტრი მედვედევმა „ტელეგრამში“.

მედვედევის თქმით, რაც უფრო მეტ ფულს დახარჯავს უკრაინაში დასავლეთი, მით უფრო დიდი იქნება ტერიტორიის ფართობი, რომელიც რუსეთს დაუბრუნდება.

„მოხდება ისე, როგორც ეს აშშ-ს ავღანეთში მოუვიდა. მოხდება ჩვენი მოქალაქეების და ხელისუფლების დაბრუნება რუსეთის ისტორიულ მიწაზე“, - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

დიმიტრი მედვედევი, რომელიც 2008-2012 წლებში რუსეთის პრეზიდენტი იყო, ძირითადად, ცნობილია იმით, რომ დასავლეთს განადგურებით და, ხშირ შემთხვევაში, ბირთვული იარაღის გამოყენებით ემუქრება.