„მე ვარ პასუხისმგებელი ყველაფერზე“ - საფრანგეთის შს მინისტრი განმარტავს, თუ რატომ სცადა გადადგომა
საფრანგეთის შს მინისტრი ლორან ნუნიესი აცხადებს, რომ ქვეყანაში მომხდარ არეულობაზე თავად არის პასუხისმგებელი.
ლორან ნუნიესმა საჯაროდ აღიარა, რომ ქვეყნის რამდენიმე დიდ ქალაქში მიმდინარე მასობრივი არეულობისა და ძარცვის დროს პოლიციამ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა.
„მე შს მინისტრი ვარ. მე ვარ პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება. წარვადგინე გადადგომის განცხადება, რადგან პასუხისმგებლობას ვიღებ ყველაფერზე, რაც მოხდა“, - აცხადებს საფრანგეთის შს მინისტრი.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ ძალადობის ძირითადი მიზეზი „ვანდალები, მძარცველები და ულტრამემარცხენე აქტივისტები“ იყვნენ.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნუნიესის გადადგომის განცხადება არ მიიღო. ელისეის სასახლის განმარტებით, არსებულ კრიზისულ ვითარებაში სამართალდამცავი ორგანოების უწყვეტი ხელმძღვანელობა აუცილებელია.
საპროტესტო აქციები, რომლებიც ცხოვრების გაძვირებისა და სკოლებში არსებული მძიმე პირობების წინააღმდეგ დაიწყო, მასობრივ ვანდალიზმში გადაიზარდა. ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციებში 550 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, დაკავებულია 2 400-ზე მეტი პირი, ხოლო შეტაკებებისას დაშავდა ასობით სამართალდამცველი.