„მე არავინ მომიტყუებია“ - ზელენსკი მარკო რუბიოს განცხადებას პასუხობს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებას გამოეხმაურა.
„არასდროს მითქვამს, რომ ამერიკელები ჩვენზე ზეწოლას ახდენენ. მე არავინ მომიტყუებია. ყველას შეუძლია დაინახოს, ვინ არის აგრესორი ამ სიტუაციაში და ვინ ვისზე ახდენს ზეწოლას. ამის თქმა საჭირო არ არის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მან მხოლოდ მცირე ნაწილი გააჟღერა იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებების დროს.
„რაც შეეხება ამერიკულ მხარეს ან სახელმწიფო მდივანს, თქვენ იცით, რას ამბობენ ისინი: აისბერგის უდიდესი ნაწილი უხილავია, არა? ასე რომ, დამიჯერეთ, მე უფრო პატარა ნაწილი ვაჩვენე. სრულიად გულწრფელად ვლაპარაკობ. ამის ფორმულირება სხვადასხვაგვარად შეიძლება“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ UNIAN-ის კითხვის საპასუხოდ.
ზელენსკის თქმით, რუსეთი მოითხოვს ჯარების გაყვანას დონბასიდან, ხოლო აშშ უსაფრთხოების გარანტიების ფორმატს მხოლოდ ამ პირობების შესრულების შემდეგ განიხილავს.
„ეს არის ომის დასრულების პირობა დღეის მდგომარეობით“, - აცხადებს ზელენსკი.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომ შეერთებული შტატები უკრაინისგან დონბასის რუსეთისთვის გადაცემას მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად, „ტყუილი“ უწოდა.
„ეს ტყუილია. სამწუხაროა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს თქვა, რადგან მან იცის, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არ არის ის, რაც მას უთხრეს“, - აღნიშნა რუბიომ.