Loading data...
მასუდ ფეზეშკიანი: ირანი ომს სამუდამოდ ვერ გააგრძელებს

„ირანი ომს სამუდამოდ ვერ გააგრძელებს“, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშკიანმა განაცხადა, ირანის ხელისუფლების შიგნით აშშ-სთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით მზარდი უთანხმოების ფონზე.

როგორც მედია წერს, ფეზეშკიანმა დაიცვა ივნისში აშშ-სთან მიღწეული ურთიერთგაგების მემორანდუმი, მიუხედავად იმისა, რომ, გავრცელებული ინფორმაციით, ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი, დოკუმენტს ეჭვის თვალით უყურებდა.

მისი თქმით, ყველა ადამიანი, რომელიც მოლაპარაკებებში უშუალოდ იყო ჩართული, მიიჩნევდა, რომ მემორანდუმი ვითარებიდან გამოსვლის საუკეთესო გზა იყო.

შეთანხმება გასულ თვეში ჩაიშალა.

ირანის პრეზიდენტი ხშირად აფრთხილებდა საზოგადოებას აშშ-სთან კონფლიქტის ეკონომიკური და სოციალური შედეგების შესახებ, რის გამოც ზოგჯერ ქვეყნის ხელმძღვანელობაში უფრო მკაცრი პოზიციის მქონე პირებთან დაპირისპირებაც მოსდიოდა.

„ჩვენ ხალხის გვერდით უნდა დავდგეთ. თუ ჩვენ ვერ ვემსახურებით მათ და ვერ დავარწმუნებთ, რომ ჩვენ ყველანი ერთ მიწასა და ქვეყანას ვეკუთვნით, მაშინ უდიდესი სამხედრო ძალის ფლობის შემთხვევაშიც კი, ჩვენ დამარცხდებით“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა. 

კომენტატორები მიიჩნევენ, რომ ირანის ხელმძღვანელობაში სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს დებატები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს ქვეყანა აშშ-სთან კონფლიქტის პირობებში. ზოგიერთი მათგანი მიანიშნებს, რომ ეკონომიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებამდე ირანმა მოლაპარაკებები ძლიერი პოზიციიდან უნდა დაიწყოს, მაშინ როცა უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებული რადიკალურად განწყობილი ძალები დიალოგის წინააღმდეგ გამოდიან.