Loading data...
მარტა კოსი აცხადებს, რომ ევროკავშირს სურს, თურქეთთან პარტნიორობას „ახალი თვალით შეხედოს“

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი დღეს, 6 თებერვალს, თურქეთს ეწვევა, რათა ქვეყანასთან პარტნიორობა გაღრმავდეს. ამის შესახებ მან Politico-ს განუცხადა. 

კოსის თქმით, უკრაინაში მომავალი მშვიდობა ევროპაში, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში, რეალობას შეცვლის.

„თურქეთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება. ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მზადება თურქეთთან ძლიერი პარტნიორობის მომზადებას მოითხოვს“, - აღნიშნა მან.

ამავდროულად, მან აღიარა, რომ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ბოლოდროინდელი ანგარიშები მიუთითებს „ევროკავშირის სტანდარტებიდან გადახვევაზე, განსაკუთრებით კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის სფეროში“.

„ვიცი, რომ თურქეთს ძალიან ხანგრძლივი დემოკრატიული ტრადიცია და ძლიერი საზოგადოება აქვს და ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა დავინახოთ ევროკავშირსა და თურქეთს შორის ნდობის გასაძლიერებლად“, - აღნიშნა მან.

ანკარაში ვიზიტის დროს კოსი დაესწრება ცერემონიას, სადაც ევროპის საინვესტიციო ბანკი და თურქეთი ხელს მოაწერენ შეთანხმებას განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის 200 მილიონი ევროს სესხის გამოყოფის შესახებ.

ევროპის საინვესტიციო ბანკმა თურქეთისთვის ახალი სესხების გაცემა 2019 წელს კვიპროსის სანაპიროზე ნავთობისა და გაზის მოპოვებასთან დაკავშირებული დავის გამო შეაჩერა.

ასევე 6 თებერვალს კომისია გამოაქვეყნებს კვლევას თურქეთთან, ცენტრალურ ევროპასა და სამხრეთ კავკასიასთან „რეგიონებს შორის კავშირის დღის წესრიგის ხელშეწყობის“ შესახებ.

გამოცემის მიერ განხილული კვლევა ასახავს ინვესტიციებს, რომლებიც საჭიროა ჩინეთის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ ტრანსპორტის, ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ციფრული კავშირების გასაძლიერებლად.

კოსის თქმით, ევროკავშირმა „თურქეთთან ურთიერთობებს ახალი თვალით უნდა შეხედოს“.

„ჩემი ვიზიტი ანკარაში მიზნად ისახავს ნდობის აღდგენას და ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობების შესწავლას, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება“, - დაასკვნა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა.